და მაინც, რისი მაქნისია თურქეთის არმია?
- კოტე ნიშნიანიძე
- 2 дек. 2015 г.
- 5 мин. чтения

ეს რუსეთ-თურქეთის სამხედრო პოტენციალის მცირე შედარებითი ანალიზია, რომელსაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენათა ჭრილში შემოგთავაზებთ. ოდნავ უკან დავიწიოთ. მაშ ასე - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა, რომელიც კრემლის პოლიტიკურ იერარქიაში მეოთხე კაცია, განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ქმედებებზე სამხედრო პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს. იქვე, ოდიოზურმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ თურქეთზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობაზე გააკეთა მინიშნება. „სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია. საკმარისია ერთი ატომური მომბის სრუტეში ჩაგდება და ქალაქი უმალ გადაირეცხება" - განაცხადა მან და, მისი რეპუტაციის გათვალისწინებით, ეს არავის გაკვირვებია. თავის მხრივ, თურქეთის პრემიერმინისტრმა, აჰმედ დავიდოღლუმ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ამ მუქარებს თურქეთზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ბრძანა, რომ ანკარა ამის შემდეგაც ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებას დასჭირდება.
მანამდე, და მას მერეც, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ თურქი სამხედროები ძალისა და საშუალებათა გამოყენების წესებთან სრულ შესაბამისობაში მოქმდებდნენ.
ეს განცხადებები სირიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების ფონზე გაკეთდა - ასადის (ანუ კრემლის) კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსდა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი С-400, სირიის ნაპირებს, და უშუალოდ ლატაკიის ბაზას, სარაკეტო კრეისერი „Москва“ მიუახლოვდა და ა. შ. თურქეთმა ყოველივეს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების ჩაკეტვით უპასუხა. პრეზიდენტი ერდოღანი 1936 წელს, მონტრეში მიღებულ კონვენციას დაეყრდნო და განაცხადა:
„ქვეყანა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხის ქვეშაა და ამდენად, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება - მათი ყველა ხომალდისათვის, რომლების შავ ზღვაში იმყოფებიან, სამხედრო დანიშნულება აქვთ (და არა მხოლოდ სირიისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისათვისაც, რომლებიც რუსეთს ეთამაშებიან), დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები ჩაიკეტება. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გაეგზავნა გაეროს".
(სხვათ შორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ტელეკომნია FOX-ის აზრით, თურქეთი არ ცდილობს რუსეთთან წარმოქმნილი დაძაბულობის შემსუბუქებას და მეტიც, ცდილობს თავისი ნატოელი მოკავშირებიც ჩაითრიოს. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყანა ახლოაღმოსავლელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის, ძირითადი სატრანზიტო მარშრუტის ცენტრალური პუნქტია და ანკარა ამითაც სარგებლობს, აშანტაჟებს რა ევროპას, რითაც მას თავისთვის სასურველი განცხადებების კეთებას აიძულებს).
უნდა ითქვას, ლოჯისტიკურ კონტექსტში, სირიაში განლაგებული რუსულ ბაზას თურქეთის მხრიდან სრუტეთა ჩაკეტვასთან დაკავშიებით მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. შედეგად, მოსკოვს საკუთარი სამხედროებისა და ყველა იმ დაჯგუფების მოსამარაგებლად, რომელიც მის თამაშს თამაშობს, ორად ორი გზა რჩება - საჰაერო და კვლავაც საზღვაო, ოღონდ უკვე გიბრალტარის გავლით. საჰაერო გზა იმდენად ძვირი ჯდება და მისი დახურვაც (ვთქვათ, სირიის სიახლოვეს საჰაერო სივრცის არასაფრენი ზონად გამოცხადების შემთხვევაში) იმდენად მარტივია, რომ ალბათ განხილვის საგანიც არ გახდება. გიბრალტარის სრუტის და საოკეანო მარშრუტების გამოყენება კი, გარდა მომარაგების თვითღირებულების ზრდისა, დროის საგრძნობ გახანგრძლივებასაც გამოიწვევს - სირიამდე მიცურვას, მინიმუმ სამჯერ მეტი დრო დაჭირდება, რაც, რეგიონში მიმდინარე მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, გიგანტური დროა და სრულიად არ შეესაბამება რუსეთის წინაშე მდგარ ტაქტიკურ და სტრატეგიულ სამხედრო ამოცანებს. გარდა ამისა, ეს ზღუდავს რუსეთის სამხედრო ფლოტის შესაძლებლობებს უშუალოდ შავ ზღვაში, რაც თურქეთს, რეალური სამხედრო დაპირისპირების პირობებში, გადამწყვეტ უპირატესობას სძენს.
და მაინც, როგორია თურქული არმიის რეალური შესაძლებლობები და რა შესაბამისობაშია ის რუსეთის სამხედრო პოტენცილთან? სამხედრო შესაძლებლობების შეფასება არც თუ იოლი საქმეა და საკითხის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს. არასპეციალისტისთვის, მეტ-ნაკლებად რეალისტური სურათის ჩამოყალიბება მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული სტატისტიკის გამოყენებითაა შესაძლებელი, რაც არაა რთული, რადგან მასალა, საკმარისზე მეტია. სულ ახლახანს, მსოფლიოს სახელმწიფოთა სამხედრო პოტენციალის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. სამხედრო თემატიკისადმი მიძღვნილი არა ერთი ინტერნეტრესურსისა და, მათ შორის, ავტორიტეტული Global Power-ის ინფორმაციით, თურქეთი, რომელიც ალიანსის წევრთა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილზეა, ახალ რეიტინგში, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიან არმიებს აჯგუფებს, ათეულს აგვირგვინებს. არსებობს სხვა სტატისტიკაც.
თურქეთის არმია იმდენადვე მაღალტექნოლოგიური არ გახლავთ, როგორც რუსეთის ან იგივე დასავლეთისა, მაგრამ ის მრავალრიცხოვანია და კარგად მომზადებული. გარდა ამისა, თურქეთს ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგება აქვს და არის NATO-ს წევრი, რაც, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის საბრძოლო პოტენციალის შეფასებისას, ლამის მთავარი ფაქტორია.
როგორც აღინიშნა, ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეფასება (და, მით უმეტეს, სხვა ქვეყნის არმიასთან შედარებითი ანალიზი, ძალიან რთულია და არა ერთი ფაქტორისა და პირობის გათვალისწინებას მოითხოვს. ბრძოლისუნარიოანობით, NATO-ს წევრთა შორის, რომლის რიგებშიც ის 1952 წლიდან ირიცხება, თურქეთი მეორე პოზიციას იკავებს. თუ კი Global Power-ის ზემოხსენებულ რეიტინგს მივუბრუნდებით, ხაზგასასმელია, რომ მისი შედგენისას, მხოლოდ არმიის რაოდენობის გათვალისწინება არ ხდება და მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა და მახაიათებლები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ფინანსური მდგომარეობა და ისეთი საწარმოო მაჩვენებლებიც კი, როგორიცაა, ვთვათ, გამომუშავებული ელექტროენერგია. ბოლო მონაცემებით, ჩვენი სამხრეთელი მეზობლის არმია 400 ათას ადამიანს ითვლის (ჩრდილოეთ მეზობლისა კი 760 ათასს) თურქეთს რეზერვში 185 ათასი სამხედრო ჰყავს ხოლო რუსეთს - 2,4 მილიონი. თურქული სამხედრო საჰაერო ძალებიც ჩამორჩებიან რუსულს - 1020 საბრძოლო თვითმფრინავი 3500 წინააღმდეგ
უშუალოდ გამანადგურებლების რაოდენობა 223 ერთეულია - რუსეთისა კი 769.
თურქეთს ამერიკული ლიცენზიით აგებული 168 ერთეული F-16 C და 40 ერთეული F-15 D ჰყავს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც, პროგრამა „Block 50“-ის მიხედვითაა მოდერნიზებული. ეს თანამედროვე მანქანები განეკუთვნებიან თაობა „4+“-ს და არაფრით ჩამოუვარდებიან რუსულ Су 30CM-ს, რომელიც ახლა სირიაშია დისლოცირებული (იქ მათი რაოდენობა 10-15 ერთეულს არ აჭარბებს). სხვა თურქული თვითმფრინავები მოძველებული F-4 ტიპისაა, თუმცა სხვა და სხვა მოდიფიკაციის. სახმელეთო ჯარებში რუსეთის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობია. მაგალითისთვის, თურქულ არმიაში 3778 ტანკია (აქედან დაახლოებით 300 თანამედროვე Leopard 2. დანარცჩენი კი შედარებით ძველი Leopard 1, M60 და M48). რუსულ არმიაში 15 ათასზე მეტი ტანკი ირიცხება. ცხადია, მათ შორის ტექნიკურად და უკვე მორალურადაც მოძველებული, 60-70-იანი წლების საბრძოლო მანქანებიცაა, მაგრამ საერთო რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვი, მაინც შთამბეჭდავია.
უნდა ითქვას, რომ თურქეთის საზღვაო ძალებიც თმობენ - 115 თურქული საბრძოლო ხომალდის საპირწონედ, რუსეთს 352 ერთეული ჰყავს.
თუმცა, მხოლოდ ეს ციფრები ძალთა თანაფარდობას სრულად არ ასახავენ, რადგან აქ მხედველობაში მრავალი ფაქტორი არ მიიღება და მათ შორის, ერთ-ერთი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და კონკრეტულ ლოკაციაში კონცენტრირებულ ძალთა რაობა. ასე მაგალითად, შავ ზღავში რუსეთს ერთადერთი სარაკეტო კრეისერი, ერთი დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, შორი საზღვაო ზონის სამი მოყარულე გემი, ექვსი მცირე ნავსაწინააღმდეგო და ოთხიც მცირე სარაკეტო ხომალდი ჰყავს. აგრეთე, ორი ძველი, დიზელის საწვავზე მომუშავე წყალქვეშა ნავი. თურქეთის შავი ზღის სამხედრო ფლოტი კი 16 ფრეგატს, 8 კორვეტსა და 13 დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავს ითვლის. აღშანიშნავია, რომ რეგიონის საზომით, თურქეთი საკმაოდ დიდი სახელმწიფოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი სამხედრო ძალები მაინც ერთ სექტორშია მობილიზებული, რადგან მას მეზობლებთან აქვს პრობლემები. გარდა ამისა, ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ მისი სასაზღვრო ხაზის საერთო სიგრძე, რუსეთისაზე გაცილებით პატარაა. თურქეთის მთელი ფლოტი ორ - ეგეოსისა და შავ ზღებშია თავმოყრილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობაზე ახდენს გავლენას, მებრძოლთა მომზადება და მორალური მდგომარებაა. თურქეთის არმია NATO-ს სტანდარტებით იწრთვნება და ექსპერტთა შეფასებით, რეგიონსა და მსოფლიოშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია. როგორც სტრატეგიის ანალიზისა და ტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტმა, კონსტანტინ მაკიენკომ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, თურქ სამხედროებს საბრძოლო გამოცდილება აქვთ. „რა თქმა უნდა, ქურთების წინააღმდეგ ანტიპარტიზანული მოქმედება ერთობ სპეციფიური გამოცდილება, მაგრამ ჯარისკაცი, რომელსაც დენთის სუნი უკვე შეყნოსილი აქვს, ყოველთის ჯობს ამგვარი გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეს... თურქუთის შეიარღებული ძალები, ეს ძალიან სერიოზული ძალაა".
რუსეთის არმიის მსგავსად, ბოლო ხანს თურქები ხშირ და ინტენსიურ სწავლებებს გადიან და ეს, პირველ რიგში, მფრინავებს ეხებათ. „თურქეთში მფრინავთა მომზადების სისტემა კარგადაა განვითარებული. თითოეულ პილოტს, სულ ცოტა, 100 საფრენი საათი აქვს განვლილი, ისევე, როგორც მათ რუს კოლეგებს, თუმცა, განსხვავებით რუსებისგან, რომელთაც ფაქტობრივი ფრენები არ აკლიათ, მათ ბევრად მეტი ტრენაჟორი აქვთ.“ - ამბობს სამხედრო მიმომხილველი, ილია კრამნიკი.
როგორც კარნეგის ევროპული ცენტრის მოწვეული პროფესორი, თურქი ექსპერტი სინან ულგენი აცხადებს, თურქეთში, ტრადიციულად, სამხედროები საზოგადოების ელიტარულ ნაწილს წარმოადგენენ. „ეს ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და დისციპლინირებული საზოგადოებრივი ინსტიტუტია. სამხედროთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება თურქეთისათვის ტრადიციული, ისტორიულია" - დააზუსტა მან, თუმცა დასძინა, რომ ამას ნეგატიური მხარეც აქვს. მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე, თურქი სამხედროები თვლიდნენ, რომ სწორედ ისინი იცავდნენ სეკულარულ თურქულ სახელმწიფოს, რომლის საფუძვლებიც ქემალ ათათურქმა ჩაყარა. და ისინი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, იშორებდნენ ხელისუფლებას, თუ კი თვლიდნენ, რომ ის საკონსტიტუციო წესრიგისთვის საფრთხის შემცველია.
1960-1980 წლებში მათ სამი სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს და ამჟამად ხელისფლებაში მყოფ სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ტრადიციის მოსპობა 2010-იან წლებში მოხერხდა. „არმიას რამდენიმე იურიდიული დარტყმა მიაყენეს და ამით, მათი პოლიტიკური გავლენა შეასუსტეს. ეს სვლები წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა ამან სამხედროთა საბრძოლო სულზე უარყოფითად იმოქმედა. უმაღლესი მეთაურობის არა ერთი წარმომადგენელი საკანში იმ დანაშაულის გამო აღმოჩნდა, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ". - ბრძანა პროფესორმა.
კონსტანტინ მაკიენკო აცხადებს, რომ „ნატოს ფაქტორის გათვალისწინების გარეშეც, თურქეთს რეგიონში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, რომელიც მზარდ დემოგრაფიულ რესურსს ემყარება და რაოდენობის გათვალისწინებით, არც თუ ცუდადაა არჭურვილი".
ილია კრამკინის აზრით, რუსეთის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მას აქვს შესაძლებლობა, რომ სამხედრო-კოსმოსური ძალების გამოყენებით, საჰაერო ოპერაციები მსხვილი საავააციო დაჯგუფებების მონაწილეობით ჩაატაროს.
ცნობისთის, რუსეთის განკარგულებაშია სტრატეგიული ბომბდამშენები Ту-95 და Ту-160, ასევე შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3, რომლის ყირიმში განთავსებასაც მოსკოვი ამ ზაფხულს გეგმავდა (რაც მათი ფრენის სიშორეს კიდევ უფრო გაზრდიდა), თუმცა ეს გეგმა არ განხორციელებულა „ჩვენ გვაქვს ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონებიდან ავიაციის დიდ და საშუალო მანძილზე გადასროლის დიდი გამოცდილება, რაც ბოლო წლებში დაგვიგროვდა". - ამბიობს ილია კრამნიკი და მაინც, მისი სიტყვებით ერთეულების რიცხობრივი შედარება ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხობრივ უპირატესობას.
Comments