თურქეთის ვა-ბანკი
- კოტე ნიშნიანიძე
- 25 июл. 2015 г.
- 4 мин. чтения

ამ რამდენიმე ხნის წინ, სტამბოლში (და თურქეთის სხვა მსხვილ ქალაქებში) „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით მომხრეთა საზეიმო ლოცვა გაიმართა, რომელიც მქუხარე ლოზუნგებით გაჯერებულ მიტინგში გადაიზარდა. თავყრილობის მონაწილენი, რომელთა შორის ე. წ. „ხალიფატის“ რამდენიე მსხვილი ფიგურაც გახლდათ, ლამის ისტერიულად გმობდნენ ოფიციალური ანკარას პოზიციასა და ქმედებებს, ხოლო ერთმორწმუნეებს თურქეთისათვის ომის გამოცხადებისაკენ მოუწოდებდნენ - რათა „ურწმუნოთ თავისი მიწა-წყალი ხელიდან გამოგლიჯონ.“
მიუხედავად საკმაოდ დაძაბული ფონისა, პოლიცია საქმეში არ ჩართულა და ხელისუფლებამ, სულ რაღაც სამიოდ დღეში, სავარაუდოდ, ინანა კიდეც ეს - ამ კვირის დასაწყისში, ქურთი ახალგაზრდობის შეხვედრაზე, რომელიც სირია-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ სურუჯში მიმდინარეობდა, „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და ოცდაათამდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც თან გაიყოლა.
თავისი თავის გარდა, მოვლენათა ასეთ განვითარებაში, ანკარა ვერავის დაადანაშაულებს - ბოლო წლებია, მას მცდელობა არ დაუკლია, რომ ამ სისხლიანი ორგანიზაციის ერთგვარი „ზურგის ბაზა“ გამხდარიყო.
იმისათვის, რომ ამ ყველაფრის ფართო დიაპაზონში დანახვა შევძლოთ, ოდნავ უკან დავბრუნდეთ.
2011 წლის არაბული რევოლუციების ტალღაზე, რეჯებ ტაიპ ერდოღანი, რომელიც მაშინ თურქეთის პრემიერმინისტრი გახლდათ, აენთო იდეით, რომ მისი ქვეყანა ისლამური სამყაროს საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერად ექცია. და მაშინ ეს სავსებით რეალურად გამოიყურებოდა: ეგვიტეში, ტუნისსა და ლიბიაში, სადაც რევოლუციებს უკვე გაემარჯვათ, თურქეთს მომავალი პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის მაგალითს უწოდებნდენ, ხოლო თავად ერდოღანს, რომელიც რევოლუციებს აქტიურად ეხმარებოდა, ლამის გულში ჩაკვრით ხვდებოდნენ. მისი არაკეთილისმოსურნენი კი, გაჰყვიროდენ, რომ პრემიერს ოსმალეთის იმპერიის უწინდელ საზღვრებში აღდგენა სურს, და რომ ეს, კიდევ არაფერია და მეტიც - ის იქაჩება დაიკავოს მართლმორწმუნეთა იმამის ვაკანტური პოსტი და აღადგინოს ჰალიფატი, დედაქალაქით სტამბულში.
რატომღაც, ერდოღანი საჭიროდ არ თვლიდა ეპასუხა ამ ბრალდებებზე ან მათი გაფანტვის მცდელობები გამოევლინა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძფრებდა.
როდესაც რევოლუცია და სამოქალაქო ომი უკვე სირიაში გაჩაღდა, თურქეთის პრემიერი სუნიტ აჯანყებულთა მხარეს დადგა და თან ისე, რომ არც კი უცდია გაერკვია თუ ვინ არიან ისინი და რა შეხედულებები აქვთ. როგორც ჩანს, ის იმედოვნებდა, რომ წინა, წარმატებულ შედეგებს გაიმეორებდა და, როგორც მინიმუმ, ამ გეოგრაფიულად უახლოეს და, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვან არაბულ ქვეყანაზე თავის პირად გავლენას გაზრდიდა - სხვა თუ არაფერი, სირიის ერთგვარი კონტროლი, მას იორდანიასა და შემდეგ უკვე საუდის არაბეთზე გასასვლელ სახმელეთო დერეფანს მისცემდა.
მაგრამ სირიაში ყველაფერი უკუღმა წარიმართა. ასადის მხარდამჭერთა რიგებში ჩაერთვენ რუსეთი, ირანი და თვით „ჰესბოლა“, ხოლო კონფლიქტში აშშ-ის და ნატოს ჩართვა არ გამოვიდა - ლიბიური სცენარი, ანუ ნატოს ავიაციის მონაწილეობით მიმდინარე, ხანმოკლე სამოქალაქო ომი, გაქცეული და შემდეგ მოკლული დიქტატორი, არ შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე ლიბიისგან განსხვავებით, სირია მრავალრელიგიური ქვეყანაა და იქ მცხოვრები ალავითები, დრუზები და ქრისტიანები მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ სუნიტი აჯნყებულების გამარჯვების პირობებში, საუკეთესო შემთხვევაში გაქცევა მოუწევდათ, უარესი სცენარით კი, დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლნი შეიქმნებოდნენ. ანუ, გარდა ბრძოლისა, მათ სხვა გზა არ დარჩენოდათ - თუმცა, არა ასადის მხარეს, არამედ საკუთარი ოჯახების დასაცავად.
ერდოღანი კი არ ისვენებდა - სირიის თურქეთთან მოსაზღვრე, ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც სულ უფრო ძლიერი ამბოხებულები აკონტროლებდნენ, უხვად გაედინებოდა ფული, შეიარაღება, აღჭურვილობა, სანოვაგე, მოხალისეები. ისე, მეამბოხეები ყველას დახმარებებს ხალისით იღებდნენ, რადგან დასავლეთისგან არც ქმედითი შველა ჩანდა და არც მისი სამომავლო კონტურები. შედეგად, 2012 წლისათვის სირიის ქალაქ ალეპოში უკვე „ალ-ქაიდას“ ერაყული ფრთის გამოცდილი მებროძლებიც გამოჩნდნენ.
2013 წლისათვის, ისლამისტთა მარგინალური რაზმები უკვე მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდნენ და მიუხედავად მათი რადიკალური განცხადებებისა, თურქეთი იმედს არ კარგავდა, რომ შეძლებდა მათი დახმარებით ასადის რეჟიმის დამხობას. შესაბამისად, არა თუ დახმარების შემცირებას ჰქონდა ადგილი, არამედ ის მზარდიც გახდა. თურქეთი თვალს ხუჭავდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდაზეც, რაც იმ დროისთვის უკვე „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითად ფინანსურ ხაზად ჩამოყალიბებულიყო. და რაც საინტერესოა, ეს ტერორისტული ორგანიზაცია აღიქმებოდა არა მხოლოდ ასადის საპირწონედ, არამედ ეფექტურ იარაღად იმ სირიელი ქურთების წინააღმდეგ, რომლებიც, სარგებლობდნენ რა არსებული ქაოსით, საკუთარი სახელმწიფოს შექმნის მიმართულებით აქტიურობდნენ. ერაყელ ქურთებს ანკარა კიდევ რაღაცნაირად იტანდა, მაგრამ სირიელები ფხასავით გაჩხეროდა ხახაში, რადგან სრულიად ცხადი იყო: შემდეგი, ვინც ასეთი იდეების გააქტიურების მიმართულებით წავიდოდა, თავად თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთები გახლდნენ, რაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლისათვის, სრულიად მიუღებელი რამაა. საზღვრისპირა ქალაქ ქობანისთვის ბრძოლებისას, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, ერდოღანმა რამდენჯერმე და სავსებით მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი სიმპათიები ჰალიფატის მხარეს იხრება და არა იქ მცხოვრები ქურთებისკენ. და ის მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი ზეწოლის შემდეგ დათანხმდა ქალაქისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, რამაც განაპირობა კიდეც შედეგი - ქობანის მცხოვრებლებმა შეძლეს ქალაქის დაცვა. ცხადია, მეორე და არანაკლებად მნიშველოვანი ფაქტორი ნატოს ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვებია. მნიშვნელოვანი მომენტია: ბოლო დრომდე, თურქეთი გადაჭრით უარობდა ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ძალებისათვის თავისი სამხედრო აეროდრომის, „ინჯილრიკის“ დათმობას და ნატოს ავიაციას, საბრძოლო დავალებათა შესასრულებლად, ათასობით კილომეტრის გაფრენა უწევდა. ერთი სიტყვით, „ისლამურ სახელმწიფოსა“ და თურქეთს შორის, ერთგვარი არაფორმალური შეთანხმება მოქმედებდა: თურქეთი ისლამისტებს ხელს აქტიურად არ უშლიდა, ხოლო ისლამისტები, თავისმხრივ, არ აწყობდნენ ტერაქტებსა და დივერსიებს თურქეთის ტერიტორიაზე. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დაყვავების ამ ტაქტიკამ თურქეთი ხაფანგში შეიტყუა: ისლამისტები მოითხოვდნენ სულ უფრო და უფრო მეტს. სტაბმულში გამართული ამასწინდელი მიტინგი, სადაც აშკარად ანტისახელისუფლებო მოწოდებები ისმოდა და რომელიც დაუსჯელი დარჩა, და ასევე ქალაქ სურუჯში შემდგარი ტერორისტული აქტი ნათელი დასტურია იმისა, თუ სადამდე მივიდა ანკარას მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გაჩაღებული ეს თამაშობები. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თურქეთთან მიმართებაში თავისი გეგმები აქვს - ამ რესპუბლიკის აღიარებაზე საუბარიც კი ზედმეტია - ის უნდა გაუქმდეს და, როგორც არა ერთი სხვა სახელმწიფო, უნდა შევიდეს გაერთიანებული ჰალიფატის შემადგენლობაში - ამას აღარავინ მალავს. და აქ ერდოღანი მიხვდა თუ რა მონსტრიც გაუზრდია უბეში. მან სპეცსამსახურებს განსაკუთრებით აქტიური ისლამისტების თვალთვალი და ალაგვმა დაავალა. დაიბლოკა რამდენიმე ვებრესურსიც, რომელიც ღია პროპაგანდასა და სახსრების მოგროვებას ეწეოდა. სტამბულის ზემოხსენებული მიტინგი და სურუჯუს აფეთქება კი, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჰალიფატის პასუხი თურქეთის მოკრძალებულ მცდელობაზე, თუნდაც რაიმე სახით ეკონტროლებინა ეს ტერორისტული ორგანიზაცია. ახლა თურქეთს ორი გამოსავალიღა დარჩა. პირველი: აღიაროს „ისლამური სახელმწიფოს“ მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს მას. ეს ერთ ხანს ქვეყანას სტაბილურობას მოუტანს. თუმცა ამით თურქეთი საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილს დათმობს და საბოლოოდ, ყოველივე სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მოშლით, „შარიათის სასამართლოებით“, „შურას საბჭოებითა“ და „ალაჰის მებრძოლებით“ დასრულდება. თურქეთი კი ისლამური სახელმწიფოს რიგითი პროვინცია გახდება. მეორე გზა კი აქტიური წინააღმდეგობაა და როგორც ჩანს, თურქეთმა სწორედ ის აირჩია. ის წავიდა ვა-ბაკ - დაუთმო აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და თავადაც ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. ცხადია, საპასუხო რეაქციაც არ დააყოვნებს - გახშირდება ტერაქტები, დივერსიები და სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობა. ვარაუდობენ, რომ პირველი სამიზნე თურქული ტურისტული გეოგრაფიის წერტილება გახდება, რადგან ახლა, იქ გაგანია სეზონია და რამდენიმე ძლიერი აფეთება, რომელიც, სავარაუდოდ, არა ერთი ქვეყნის მოქალაქეს იმსხვერპლებს, სისხლიანი ორგანიზაციისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, „ისლამურ სახელმწიფოს“ უკვე ღიად აქვს გამოცხადებული, რომ ჩრდილოეთით, კავკასიისკენ გაჭრა განუზრახავს და თურქეთი სწორედ, რომ გზადაა. ასევე, საქართველოც.
Comments