ტირაჟირებული სასოწარკვეთა
- კოტე ნიშნიანიძე
- 18 июл. 2015 г.
- 3 мин. чтения

ბევრი თქვენგანისა არ იყოს, უკვე საკმაო ხანია ტელევიზიის მაყურებელი არ გახლავართ. რად მინდა? - ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში, მათზე ადრე ვიგებ, გასართობისა და შესამეცნის უკიდეგანო ოკეანე კი აგერ, ინტერნეტშია და მეც, ვდრეიფობ ჩემი გემოვნებისა და კონკრეტული განწყობის შესაბამისად.
მაგრამ ცხადია, სახლში ეს მოწყობილობა მაქვს და ვერავის ავუკრძალავ მის ჩართვას. შესაბამისად, მინდა არ მინდა, მესმის ის, რასაც გადმოცემენ - ხან ყურს მოვკრავ, ხანაც თვალს.
ასე იყო გუშინაც - ჩავუარე, გავხედე და... „იმედის“ ინტერაქტივმა დამცა!
„გჯერათ თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების?“
არა - 75%
არავითრი ფაქტობრივი საფუძველი არ გამაჩნია, რომ ინტერაქტივის შედეგები ეჭვქვეშ დავაყენო და, შესაბამისად, ვერავის დავდებ ბრალს მათ გაყალბებაში. სიმართლე ითქვას, ამ ხელისუფლების, მის მიერ წარმოებული პოლიტიკის, ტოტალური განნიღბვის, სხვა და სხვა კალიბრის ინდივიდთა მიერ უხვად შემოთავაზებული კოლაბორაციონისტული განცხადებებისა და, შესაძლოა ხშირად ემოციური, თუმცა პატრიოტული ინიციატივების უხეში ჩახშობის სიმპტომატურ ფონზე, არც ეს 75% გამკვირვებია დიდად.
არც ის ვიცი, თუ ვისი იდეა იყო შეკითხვის ეს ფორმურილება - თავად გრიგოლიასი, გადაცემის პროდიუსერებისა თუ ვინმე რუხი კარდინალის, მაგრამ ფაქტია (და ეს არ არის ერთადერთი ფაქტი), რომ ეს ხალხი სასოწარკვეთის გეგმაზომიერი ტირაჟირებითაა დაკავებული, ამას საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამის ჟურნალისტურ მოქმედებად და მამულიშვილურ საქმედ წარმოაჩენენ და თანაც, იმედის სახელით (რაც, უნდა აღინიშნოს, ერთობ ცინიკურია).
სულ მალე, საქართველოს დედაქალაქი ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ალბათ ყველამ ნახეთ ის კლიპი, რომელიც ამ ღონისძიებას ეძღვნება - მაღალ პროფესიონალურ დონეზე, გემოვნებით შესრულებული და საამო საცქერი.
„ვა, ვისი გაკეთებულია?“ - იკითხეს ფეისბუკში.
ამ ერთგვარ განხილვაში მონაწილეთაგან, ავტორი არავინ იცოდა.
„ასეა თუ ისე, ჩვენების გაკეთებული არ იქნება“ - დაასკვნა ერთმა და ეს ძალიან სიმპტომატურია.
კი, მაგრამ რატომ? რატომ არ შეიძლება, რომ რაღაც კარგი ჩვენც შევქმნათ?
მახსოვს ხალხი, ვისთვისაც ქართველობა სათაკილო იყო და ის დროც მახსოვს, როდესაც ამ დამოკიდებულების აფიშირება რიგი „დივიდნდების“ მომტანიც კი გახლდათ.
დღეს რაღაც სხვა ეტაპზე ვართ - მავანთათვის, ქართველობა უკვე არა მხოლოდ სათაკილოა, არამედ ერთგვარი სასჯელიც - სამწუხარო, საშინელი... და, ბუნების კანონისა და ბედის უკუღმართობის გამოისობით, გარდაუვალიც.
და, ცხადია, სულაც არაა მათი ბრალი, რომ ამ „უპერსპექტივო ქვეყნის“ და ამ „უნიჭო, მუქთახორა ერის“ წიაღში იშვენ. მაგრამ გულხელდაკრეფილი ხომ არ იჯდებიან?
მაშ, ვინღა გადაარჩინოს ეს „მეობა“ თუ არა მათ, ვისაც ესმის საკითხის არსი და ხედავს იმას, რაც უმეტესობისთვის უჩინარია?
ჰკითხეთ: რაღა დაგვრჩენია?
და ის სხაპა-სხუპით გიპასუხებთ დაახლოებით ასე: არაფერი, გარდა მონობისა.
მანქურთიზმი, როგორც სტილი, მოწოდება.. და გამოსავალი.
მონა არ ოცნებობს თავისუფლებაზე - მისი ოცნება საკუთარი მონებია.
ესაა, ეს! და სრულიად დარწმუნებული ვარ - ეს იარაღია. და ისაა უფრო სასტიკი და მომაკვდინებელი, ვიდრე ნებისმიერი ტანკი თუ რაკეტა.
და თუნდაც იმიტომ, რომ არა თუ გკლავს და ამით, სადღაც, გმირული სიკვდილის მცირე შანსს გაძლევს, არამედ პირიქით - გაცოცხლებს ფიზიკურად, რათა მოგსპოს ზნეობრივ კატეგორიაში.
გაცოცხლებს, რათა სულ უფრო და უფრო ღრმად გაგიჯდეს განცდა იმისა, რომ არარაობა ხარ, უნიჭო ხარ, არ შეგიძლია და ა. შ.
და სამწუხაროდ, ხალხს, ვისაც ეს იაღარი ხელთ უპყრია, აქვს ყველაფერი, რათა მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს.
მათ განკარგულებაშია მედროვეთა კოჰორტები, რომლებსაც თავისი თავი უყვართ საქართველოში და არა საქართველო საკუთარ თავში. და გადარჩენის ინსტიქტითღა მომქედი ეს მასები, თელავენ ყველას და ყველაფერს იმ გზაზე, რომელსაც პირად კეთილდღეობამდე, საკუთარი თავით კმაყოფილებამდე, კუდის ყავარზე გადებამდე მიჰყავთ ისინი.
მათ არა აინტერესებთ საზოგადოება - მათ აღელვებთ მხოლოდ ვიწრო წრე.
და სწორედ მათ, ვინც ეს კოჰორტები ცხოვრების შარაზე ნახირივით გამორეკა და „სასუქით“ ამოუტენა გული, პირი და ჯიბეები.. სწორედ მათ შეუსიეს სარჩო-საბადებელს გამოკიდებული არკომპეტენტური ასეულები ქართულ სპორტს, ესტრადას, მწერლობას, მეცნიერებას, სკოლებს, ადმინისტრაციებს და ბოლოს, პოლიტიკასაც.
მათი გეგმაზომიერი ქმედების შედეგია სიკვდილის სარეცელზე მოხროტინე ქართული ჟურნალისტიკა, რომელსაც ჯერ ჟანრის კრიზისი ჭირდა და ახლა დარგის კრისიზი უღებს ბოლოს. რომელიც თავის ფუნქციას სიმართლის ძიებასა და გავრცელებაში ვეღარ ხედავს და ისე ქცეულა იარაღად მავანთა ხელში, რომ იოტის ზომის განცდაც კი არ აქვს იმისა, რომ რაიმეს არასწორად აკეთებს.
მათ განკარგულებაშია გაუცნობიერებელი და ის უწიგნური აუდიტორია, რომელიც მზადაა დაიჯეროს ყველაფერი, თუ კი ეს შეუქმნის განცდას, რომ სტომაქი სავსე იქნება.
და რომელმაც აღარც კი იცის, რა არის სულიერი საზრდო.
რომელსაც ოლიმპიური ცეცხლი წმინდა ქალაქიდან ჩამოტანილი ღვთიური ნაპერწკალი ჰგონია და ლოცვას აღავლენს მის წინაშე.
რომელმაც ღმერთი უარყო და მღვდელი გააღმერთა!
ჰო, არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება არ მაქვს... მაგრამ ეს არ მართმევს უფლებას თუნდაც ვივარაუდო, რომ გუშინ „იმედი“-ს ამოცანა დღვანდელი ჩვენი შეკრებისთვის წყლის შეყენება გახლდათ და აქ მხოლოდ გამოკითხვითა და მისი შედეგებით არ ოპერირებდნენ - სხვაც ბევრი გახლდათ.
ამ მომენტისთვის, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც შეკრებაზე მისვლას გეგმავს, 12.000-ს უახლოვდება.
ცოტაა!
ამასწინად ვთქვი და გავიმეორებ: მე არ ვიცი მერამდენე გადამწყვეტი ბრძოლა ეს..
ან, იქნებ, ეს ოდენ ერთი ეპიზოდია იმ გადამწყვეტი ბრძოლისა, რომლის დასაწყისი უკვე აღარავის ახსოვს და რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა.
მაგრამ ეს ბრძოლაა და მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დევიზი: A la guerre comme a la guerre.
არ შეგვაშინოს მტერთა (დიახ, მტერთა!) სიმრავლემ - ეს ხომ ჩვენი, ქართველთა საფირმო ნიშანია და მოგვდგამს
არ წარვიკვეთოთ სასო, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ათობით „კანტორის“ ასობით „კლერკი“ მუშაობს.
წინ!
Comments