ორი ალიყური ვოვას
- lifeinvest.com
- 17 июл. 2015 г.
- 1 мин. чтения

როგორც ჩანს, არა მხოლოდ პუტინისეული რუსეთის ეკონომიკა ღაფავს სულს, არამედ ნახშირწყლებზე მსოფლიო ეკონომიკის „ნავთობგაზური“ დამოკიდებულებაც.
ბარაქ ობამას წყვილი დარტყმა პუტინს: გარიგება ირანთან და კონგრესისგან უფლების აღება, რომ ამერიკის ნავთობის მთელი სტრატეგიული მარაგი 8 წლის მანძილზე გაიყიდოს.
რუსულ „ბენზოკოლონკას“ პირველად „ურო“ წინა კვირაში, 8 ივლისს მოხვდა, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ კონგრეს სტრატეგიული მარაგების გაყიდვიდან მიღებული სახსრების იშვიათ დაავადებათა კვლევისთვის დახარჯვა შესთავაზა.
მეორე დარტყმა კი სულ ახლახანს - 14-ში აგემეს, როდესაც რამდენიმე ათწლეულის მანძილზე პირველად, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ირანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - ობამა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას „ამერიკული დიპლომატიის გამარჯვება“ უწოდა. ახლა საქმე ირანის პარლამენტსა და ამერიკის კონგრესზეა - დოკუმენტს რატიფიკაცია ესაჭიროება. გავრცელებული ცნობებით, ირანულ ნავთობსა და გაზზე მოქმედი სანქციები, უქმდება. „ირანმა დადო პირობა, რომ სანქციათა მოხსნისთანავე, გაზრდის ნავთობის ექსპორტს. როგორც საერთაშორისო მომლაპარაკებელთა „ექვსეულთან“ მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, ჩვენ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ, აღვადგინოთ ევროპულ ბაზარზე ჩვენი წილი 42-43%-ის ოდენობით, როგორც ეს სანქციათა შემოღებამდე იყო.“ - განაცხადა ირანის ნაციონალური სანავთობო კომპანიის (NIOC) საერთაშორისო კავშირების დირექტორმა, მოჰსენ ქამსარიმ. ირანს, ევროპაში ნავთობის მიწოდების აღსადგენად ყველაფერი მზად აქვს: 42 ტანკერი (ეს კი მსოფლიოში უდიდესი ფლოტია) მზადაა დაუყოვნებლივ დაიძრას. ასევე, მზადყოფნის რეჟიმშია VLCC (Very Large Crude Carrier) ნავთობგადასხმელი ფლოტის 60 ტანკერი, რომელთაც, საერთო ჯამში, 100 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების პოტენციალი გააჩნიათ. კეთდება პროგნოზები, რომ ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში, ნავთობის ფასი ბარელზე ამჟამად არსებული 60$-დან, მინიმუმ 15$-ით დაიკლებს. ცნობისთვის, რუსეთში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება 35 დოლარია. შედეგად, პუტინის ძირითდი საექსპორტო საქონელმა (რუსეთის ბიუჯეტის 2/3 კი სწორედ ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებულ სახსრებზე დგას), ირანისა და აშშ-ის სახით უსერიოზულესი კონკურენტი მიიღო. ხოლო როგორ ამთავრებს თავის არსებობას ქვეყანა, რომელსაც „მსოფლიო სიდიადეზე“ აქვს პრეტენზია, მაგრამ სასიცოცხლოდაა დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე - სსრკ ისტორიიდან ვიცით.
Comments