ამხანაგი „Бурджоникидзе“
- კოტე ნიშნიანიძე
- 12 июл. 2015 г.
- 4 мин. чтения

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მას ქართველობისა არა სცხია რა, რადგან ქართველობა შეგნების საკითხია და არა სისხლისა და გვარის. სისხლიანი სერგო, გვარითაც ქართველი გახლდათ და სისხლითაც, მაგრამ შეგნებით რუსი კომუნისტი, ბოლშევიკი და ათასი უბედურება იყო და ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რაც დამართა მისმა ამ შეგნებამ საქართველოსა და ქართველობას. ბუნებრივია, ამ ჩანაწერის მიზანი ვინმესთვის ნიღბის ჩამოხსნა არ გახლავთ - მით უფრო კი იმისთვის, ვინც უკვე კარგახანია ნიღაბს არ ატარებს. 2003 წელს, მაშინ როდესაც „ვარდების რევოლუცია“ ძალებს იკრეფდა, ერთ-ერთი გამოსვლისას, რომელის დროსაც ის ხალხს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდა, ამ ინდივიდმა დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: თუ კი ახლა ქართველებმა ერთად დგომა და თავისი უფლებების დაცვა შეძლეს, გამოდის, რომ ქართველი ერი შედგაო. ჰმ! ღირს კი, საერთოდ, საუბარი ადამიანზე, რომელიც თვლის, რომ ქართველი ერი მხოლოდ მას მერე შედგა, რაც ის ხელში აიტაცა და ოლიმპოზე აარბენინა? ან, ღირს კი ყურადღების ღირსად ადამიანი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს მთავარი საერო დღესასწაული ბინძური პოლიტიკის ინსტრუმენტად აქციოს და, ავადსახსენებელი გერმანოზიშვილისა არ იყოს, მტრის (ამ შემთხვევაში ГРУ-ს) ასეულებს კარი ღიად დაუტოვოს? ან, საჭიროა განსჯანი იმ ინდივიდის ირგვლივ, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველ გმირთა ველად მიმოფანტულ ცხედრებს ყორნები ძიძგნიდნენ, „ურდოში“ გაიქცა «челобитие»-ზე? ღირს! და ღირს თუნდაც იმიტომ, რომ ის საფრთხის შემცველია. მაგრამ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო: საფრთხე არ მდგომარეობს იმაში, რომ მას რეალური და არსებითი მხარდაჭერა აქვს. არც იმ მოარულ ცნობებში, რომელიც სხვა და სხვა რეგიონში ჩამორიგებული თანხების სანაცვლოდ ნაყიდ მხარდაჭერას ეხება. და არც იმ ვიგინდარებში, რომლებიც არჩევნების მოახლოებისთანავე, მასაც ისე მიეტმასნებიან, როგორც წინა რუსულ პროექტს მიეტმასნენ. კი, ქართველი ხალხი ხშირად ცდება და ერთი და იგივე შეცდომაც უამრავჯერ დაუშვია, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით, თითქმის არასდროს - რუსეთის ფარულ თუ ღია ემისრებს, რეალურ და სამართლიან არჩევნებში შანსი არ აქვთ. და საფრთხეც სწორედ ეს გახლავთ - ძალები, რომელთაც ის წარმოადგენს, ახმოვანებს და გვტენის, წამსვლელი არიან ყველაფერზე, რათა კიდევ ერთხელ და უკვე საბოლოოდ ჩაიგდონ საქართველო ხელში. მათი ეს ემისარი კი მზადაა ყველაფრისთვის, რათა მათი ნებისმიერი დაკვეთა შესრულოს და ამ გზით, კვლავ მოკალათდეს, რათა მოიხვეჭოს, შური იძიოს და ა. შ. ბუნებრივია, მისი რუსეთის დედაქალაქში გამგზავრება არ გამკვირვებია. ეჭვი მაქვს, მანამდეც იქნებოდა, ოღონდ ამ „პოპმისა“ და აფიშირების გარეშე, რადგან სააფიშო არა ჰოქნდა რა. ახლა კი, არ დარჩენილა დიდი თუ პატრა მედიასაშუალება, რომლისთვისაც ხმა არ მიეწვდინოთ, მიდისო. და ამას თავისი მიზეზი აქვს.. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში პუტინი არ შეხვდებოდა - ყოველ შემთვევაში, საჯაროდ. შესაძლოა, ეს სამომავლოდ, 2016 წლის არჩევნებისთვის შემონახული სვლაა. თავად ისიც კი არ გახლდათ ამაში დარწმუნებული, რადგან, როგორც ჩანს, ის დაიბარეს, მაგრამ დღის წესრიგი დეტალურად არ შეუთანხმებიათ - ასეა, დაბარებულებს არ უთანხმებენ. ამიტომაც იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამორიგებულ ინტერვიუებში ვერც კი თქვა, და ვერც ჰო.
ვიზიტის ოფიციალური სარჩული - მსოფლიო უსაფრთხობის საკითხებისადმი მიძღვნილი რაღაც თავყრილობა, რბილად რომ ვთქვათ, მდარე იუმორია, რადგან ამ საკითებზე იმ სახელმწიფოს დედაქალაქში მსჯელობა, რომელიც უსაფრთხობისა და პროგრესისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროებაა, უეპითეტო ცინიზმია. კრემლის ტელევიზიებში აქტიურობა, სრულიად მოსალოდნელი იყო და არც ის გაუკვირდებოდა ვინმეს, რომ გუნდრუკის კმევა, უაპელაციო „გაპრავებები“ და ურცხვი „პათხალიმაჟი“ მსუყე დოზით იქნებოდა, მაგრამ ამდენსაც არ ველოდი. ისე კი, შესაძლოა ქართველი ხალხის სასიცოცხლო მისწრაფებებისა მას ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ სად, რა და რა ფასად გაყიდოს, კარგად იცის. ამდენად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აღვირხსნილი თათხვა არ გამკვირვებია - მოთხოვნადი „საქონელია“ რუსეთში. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების არადჩაგდებას, არ გავუოცებივარ - დეფიციტური „საქონელია“ და ძვირად ფასობს. და, პრინციპში, საქართველოს ინტერესების ღალატის უმდიდრესი ისტორიის პატრონი, არც არაფერს დავუტოვებივარ სახტად - ეს ყოველივე ლოგიკის დაქმვემდებარებაში გახლდათ მოქცეული. მაგრამ ერთი შეხედვით სრულიად ალოგიკურიც არა ერთი რამ გახლდათ. მაგალითად ის, რომ რატომღაც, რუსეთის დუმის თავკაცი ნარიშკინი, ვიზების სკითხზე ესაუბრება წვრილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ალოგიკურია? თქვენ წარმოიდგინეთ და, არც ისე. „ჩვენ ვისაუბრეთ ვიზების მიღების გამარტივებაზე თუნდაც იმ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეთათვის, ვისაც სურს მეტი კონტაქტი ჰქონდეს რუსეთთან“ - განაცხადა ბურჯანაძემ. როგორ გგონიათ, ვისი მისამართით გაკეთებული შეტყობინებაა ეს და რას ემსახურება იგი? ეგრეა - მესიჯის ადრესატია ყველა ის, ვისი წრიდანაც ეს ინდივიდია - საბჭოეთსა და „იმ კაი დროს“ მონატრებული და ამჟამინდელი ხელისუფლებით იმედგაცრუებული „მასები“. საერთოდ, ამ ვიზიტს ელექტორატის მობილიზებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც შეიძლება ვუწოდოთ. „ჩვენ შევეხეთ ყველა საკითხს, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას.“ - თქვა მან ნარიშკინთან შეხვედრის კომეტირებისას და გაკვრით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემატიკაც მოაყარა მარილივით. როგორია - ქვეყნის უსაფრთხოებაზე ესაუბრო მას, ვინც გიქმნის საფრთეს, ა? წარმოდგენა არ მაქვს, რა მანტია მოასხეს მას მოსკოვში, მაგრამ ფაქტია - ის აცხადებს პრეტენზიას, რომ აქვს ბერკეტი, რათა ხელი შეუწყოს რუსი და ქართველი პოლიტიკოსების დიალოგს. და აქ მას სავსებით არ აღელვებს ის ჯიუტი ფაქტი, რომ ქართველ ხალხს მისთვის არც ეს, და არც რაიმე ამის მსგავსი ლეგიტიმაცია არ მიუნიჭებია. მთავარია, რომ ის ყველას, ვისაც მოსკოვისგან რაიმე სურს, ატყობინებს - კრემლთან დიალოგის ამბავი, ჩემთან გვარდებაო. ხელისუფლებაც გაფრთხილა აგერ ახლა, რამდენიმე წუთის წინ, „მოამბის“ ეთერში - ხვალ დილით დაგირეკავთ და ვაი თქვენს პატრონს თუ რაიმე პირობები წამოაყენეთო. ესეც 2016 წლისთვის ჩაგდებული მარცვალია - უდავოდ. და მთავარი: მას რუს პოლიტიკოსებში დიალოგის წარმოებისაკენ დიდი მისწრაფება დაუნახავს... და ის მზადაა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებათა პროცესს და „მათ შორის, მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე.“ პუტინის მანდატი ჯიბეში აქვს - ქართველი ერის მანდატი კი საინტერესო არაა. და ვისაც პუტინის მანდატი უდევს, ის არა ერთ გარანტიასაც ფლობს - უხვი ფინანსური მხარდაჭერის, აგენტურული მხარდაჭერის.... და 2016 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს ამომრჩეველი მასაც და მის „ხაზეინებსაც“ ცალსახა პასუხს გასცემს, ის წავა დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის გზით. და ეს მანაც იცის და მისმა ბოსებმაც. და ბოსებს სწორედ ეს აწყობთ. შესაძლოა, ტრადიციული რუსული თარგის მიხედვით, ამას ჭეშმარიტი დემოკრატიის „გადასარჩენად“ შემოჯლიგინებული რუსული ტანკების ფორმაც მიეცეს. და საფრთხეც ეგაა!
Commenti