მოსკოვის პასუხი აშხაბადსა და თბილისს
- კოტე ნიშნიანიძე
- 11 июл. 2015 г.
- 2 мин. чтения

თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში მოულოდნელი ვიზიტი და ის ფრთხილი, თუმცა უმნიშვნელოვანესი მინიშნება, რომელიც შუააზიური გაზის ევროპაში გატანის შესაძლო მარშრუტს ეხება (და სტრიქონებს შორის აშკარად იკითხებოდა), აქტუალურობას არ კარგავს. ამას კი ხელი იმანაც შეუწყო, რომ მოსკოვიდან, ყოველივეს მოულოდნელი თავშეკავებით უპასუხეს - თქვეს არაფერი , ან თითქმის არაფერი. ბლოგერებსა და ექსპერტებში დიდი გამიშვი-გამატარე ატყდა - გამოითქვა ათასგვარი ვერსია თუ ჰიპოთეზა, გამოიფინა და გადაიღეჭა ათობით შეთქმულების თეორია.. ხოლო მას შემდეგ, რაც თურქმენეთმა რუსული „გაზპრომი“ გადახდისუუნაროდ გამოაცხადა, ყველა რაღაც განსკუთრებულის მოლოდინში გაირინდა. ამას საბერძნეთისა და ჩინეთის ეკონომიკებში ჩამომდგარმა კრიზისმაც ხელი შეუწყო, რადგან საზოგადოებრიობა მიმდინარე ამბებით დაკავდა და სამომავლო, ჰიპოთეტური შესაძლებლობები, თითქოს მივიწყებას მიეცა. მაგრამ კრემლში, როგორც ამბობენ, არ ეძინათ. და ეს თითქოს დაგვიანებული პასუხიც, აღმოჩნდა ტრადიციული, რუსული - უხეში, უტიფარი და, რაღა თქმა უნდა, საერთაშორისო ნორმების უგულველმყოფელი, დღეს გავრცელებული ცნობით, საქართველოს ჩრდილოეთში განლაგებულმა საოკუპაციო ჯარებმა, სოფელ ხურვალეთთან კიდევ ერთი კილომეტრით გადმოწიეს მავრთულხლართით შეკოწიწებული ე. წ. საზღვარი. თითქოს ამაში ახალი და აქამდე გაუგონარი არაფერია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მათი კონტროლის ზონაში არა მხოლოდ ქართველ გლეხკაცთა სამეურნეო მიწები და სავარგულები, არამედ უკვე ბაქო-სუფსას მილსადენის მონაკვეთიც აღმოჩნდა. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ეს არ შეიძლება აღიქმებოდეს სხვაგვარად, თუ არა რუსეთის პასუხი თბილის, აშხაბადსა და, ცხადია ბრიუსელსაც - მე მაქვს ძალა, მე ვარ ახლოს და სურვილის შემთვევაში, არსებულ მილსადენებსაც და ჯერ არარსებულთა მარშრუტებსაც მაშინ გავაკონტროლებ, როდესაც მინდა - ასეთია ამ აქტის შედეგად გაჟღერებული შეტყობინების რეალური შინაარსი. ამ მომენტისთის ჩემთვის უცნობია, თუ რა რეაქცია მოჰყვა ამას ბაქოში. საქართველოს ხელისუფლებამ კი, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებებით მოახდინა რეაგირება. განცხადებათა ტექსტები თითქმის იდენტურია - განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ღონისძიებათა შესახებაც იუწყება, რომელთა გატარებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს - მიმართვა გაეროსთვის, ეუთოსთვის და ა. შ. საქართველოს ხელისუფლება, ყოველივეს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს. მესმის, რომ ამ მომენტისთვის სხვა ბევრი არც არა შეიძლებოდა რა, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ განცხადება შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხისტიც. საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული მოწოდება, რათა მან „მიიღოს ზომები მის აღსაკვეთად“, ნამდვილი აბსურდია. გარდა ამისა, საუბარი საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევაზე მაშინ, როდესაც ამ აქტის განმახორციელებელს ქვეყნის მნშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს, უსაგნო ლაი-ლაია. ასევე, ღიმილისმომგვრელია ორივე განცხადებაში გამოყენებული ტერმინი „ღრმა შეშფოთება“ - როგორც ჩანს ეს არის რაღაც ისეთი მდგომარეობა, როდესაც გჭირს შეშფოთებაზე მეტი, მაგრამ მთლად აღშფოთებულიც არ ხარ. შესაძლოა, ეს დიპლომატიური ტერმინია (და, ალბათ, ასეც არის), მაგრამ როდესაც შენი სახელმწიფოებრიობა და ის საერთაშორისო ფუნქცია, რომელსაც მნიშვნელოვანწილად ეს სახელმწიფოებრიობა ემყარება... და რა ვიცი კიდევ რა, სათუოდ გაუხდიათ, კეკლუცის დრო ნამდვილად არაა.
Comments