top of page

„ახალი კაცი“ ახალი მიდგომებით

  • კოტე ნიშნიანიძე
  • 10 июл. 2015 г.
  • 2 мин. чтения

როგორც მოგეხსენებათ, 8 ივლის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა, დებორა ჯეიმსმა რუსეთი შტატების ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარ საფრთხედ გამოაცხადა. მართალია ამას მოსკოვში მეორე დღესვე გამოეხმაურენ, მაგრამ ლავროვის სიტყვები სხვა არაფერი იყო, თუ არა პასუხი პასუხისათვის - მისი პასაჟები რუსეთის რაღაც კონსტრუქციულ ნაბიჯებსა და ამერიკის მხრიდან მათ საპასუხოდ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე, უბრალოდ ანეგდოტურია. ამას, წინ უძღოდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში კრემლის აგრესორად შერაცხვა; თურქმენეთის მიერ, კრემლის მთავარი ყულაბის, „გაზპრომის“ ბანკროტად გამოცხადება.. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა - პირიქით, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. ან, როგორც იქნა და, იწყება. ძნელია ოთხვარსკვლავიან გენერალ დანფორდს ახალი კაცი უწოდო - ის ცნობილი სამხედროა და არა მხოლოდ ამერიკაში - მას მსოფლიოში იცნობენ. თუნდაც იმის გამო, რომ ავღანეთის სამხედრო ოპერაციას ხელმძრვანელობდა. დღეს, აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის ყველაზე რეალური კანდიდატიც სწორედ იგია. მაგრამ დამოკიდებულებები და მიდგმები, შეფასებები და საამოქმედო გეგმის ის კონტურები, რომელიც მან შემოხაზა, აშკარად ინოვაციურია. გუშინ ის ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, სამხედრო კომიტეტის წინაშე წარსდგა და რუსეთის მისამართით ობამას ადმინისტრაციისთვის არც ისე დამახასიათებელი მკაცრი რიტორიკით ისაუბრა. მან კატეგორიულად მოითხოვა უკრაინისათვის ლეტალური იარაღის გადაცემა. მისი თქმით, ჩინური და კორეული კიბერშეტევები, ცხადია, საფრთხის შემცველია, ისევე როგორც ამ ბოლო ხანს გააქტიურებული ისლამისტები, მაგრამ ის ქმედებები, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს, ყველაზე საგანგაშოა და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისათვის, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი. „ლეტალური იარაღის მიწოდების გარეშე, უკაინულ არმიას ძალიან გაუჭირდება რუსული აგრესიის მოგერიება“ - თვლის გენერალი და ამით მხარდაჭერას უცხადებს პენტაგონის შეფს, ეშტონ კარტერს, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, ფაქტობრივად, იგივე განაცხადა. გენერალ დანფორდის აზრით, ამერიკამ ე. წ. ჰიბრიდული ომის და საბრძოლო მოქმედებების არატრადიციული მეთოდებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ახალი, სრულიად განსაკუთრებული ღონისძიებებ უნდა შეიმუშავოს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ასეთია ამ „ახალი კაცის“ მიდგომა და ძნელია არ დაეთანხმო. ამგვარადვე, საკმაოდ რთულია ოპონირება გაეწიოს იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის კისერზე წამოცმული ყულფი, სულ უფრო ვიწროვდება - ეს ასეა და ამას უკვე ყოველ დღე ვხედავთ. ცხადია, ამას გრძნობენ მოსკოვშიც, თუმცა, გამოცდილება გვკარნახობს, რომ ამის გამო, რაიმე პოზიტიურსა და მისაღებს კრემლისგან არ უნდა ველოდოთ - უფრო პირიქით.

 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page