უსარგებლო თაობა?
- კოტე ნიშნიანიძე
- 10 нояб. 2013 г.
- 2 мин. чтения

საკამო ხანია, რაც ორმოცს გადავაბიჯეთ. სტაბილური სამსახური არ გვაქვს, თუმცა არც მოხუცი დედის პენსიის იმედად ვართ და არც გულუხვ მეგობართა დახმარების შემყურედ. კი, ზოგჯერ თვე ისე გავა, საქმეს ვერაფერს ვნახულობთ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და გამოჩნდება ხოლმე რაღაც. არადა, სულ ვმუშაობდით – ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მოყოლებული. მას მერე არ გავჩერებულვართ... კი არა და, გაჩერებას არ ვაპირებდით, მაგრამ გავჩერდით. ან გაგვაჩერეს, რადგან იმ თაობის შვილები ვართ, რომელიც აღარ ჭირდებათ.
ადრე დავოჯახდით. ტენდენცია იყო მაშინ ასეთი – ყმაწვილი გოგო–ბიჭები ქმნიდნენ ოჯახებს. ამ ნაჩქარევი ნაბიჯის შემდეგ, ბევრს არ გაუმართლა – ათობით ოჯახი დაინგრა, მაგრამ არც „ჰეპი ენდ“–ი ყოფილა ცოტა. ასეა თუ ისე, შვილები გვყავს. ჰოდა, თვალს ვერ ვუსწორებთ, რადგან მათ წარმოდგენაში ჩვენ ვართ არარეალიზებულნი.
რატომაა ასე? ის იყო, ცხოვრების ასპარეზზე გამოვედით და ნჯღრევაც დაიწყო... მას მერე მუდმივად ამ ნჯღრევის რეჟიმში ვართ. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით – ქუჩაში, საგაზეთო ფურცლებზე, ბრძოლის ველზე... ბევრი ჩვენგანი სამარეში წევს... ზოგის საფლავიც არაა ცნობილი. დღეს საქართველო დამოუკიდებელია და ეს სიამაყით გვავსებს – ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ჩვენ რა? არაფერი, გარდა ამ სიამაყის განცდისა, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ დაკარგული თაობა ვართ. და ისევ – რატომ? თავად განსაჯეთ: ჯერ სხისგან თავსმოხვეულ ძმათამკვლელ ომში გაგვრეკეს ნახირივით და გვარწმუნებდნენ, რომ ეს იმ ბძოლის გაგრძელებაა, გაბრწყინებულ საქართველოს რომ ესაჭიროებაო. ახალგაზრდა, გამოუცდელი და ზოგჯერ გულუბრყვილონი გახლდით და ადვილად დავიჯერეთ. იქვე კრიმინალური ცხოვრების „რომანტიზმით“ გამოგვიჭედეს თავი... ხელში იარაღი მოგვაჩეჩეს და ჩვენც გააფთრებით ვხოცეთ ერთმანეთი – ვითომ ღირსების დაცვის საბაბით, გავლენისთვის, ბუზის არდაჯენისთვის და ვინ მოთვლის კიდევ რომელი იდიოტური მიზეზით. ნარკოტიკი დაგვაყარეს უხვად და ზომიერება არც აქ გამოგვივლენია – ჩავყევით უკანმოუხედავად და თავიც შევაკალით ბევრმა. პრესტიჟი მოითხოვდა ამას და იმ დროს დამკვიდრებული „კარგი ტონი“. პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ წიგნიერებისკენ სწრაფვა დროის ფუჭ ხარჯვად წარმოგვიჩინეს, მთავარ ღირსებად კი მარიფათი, ჰოდა, ჩვენც ტყავიდან ვძვრებოდით, რათა ცხოვრებისთვის ფეხი აგვეწყო. შეგვაჩვიეს ქრთამის მიცემასა და აღებას და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვარწმუნებდნენ, რომ უამისოდ შორს ვერ წავალთ. და მართლაც ასე იყო მაშინ – პატიოსანი კაცის ცხოვრება უპერსპექტივო გახლდათ. ჰოდა, ჩვენც ვეცით და უხეშად ამოვიშანთეთ წესიერი მოქალაქისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ბოლოს, თითქოს, მაინც გადავრჩით და მეტიც – დავუპირისპირდით ყოველივე ამას და მორიგ რევოლუციაში ჩავებით, მაგრამ რა? არადა, იმედით ვიყავით აღსავსენი – ჩვენი თაობის ხალხი ედგა ამ ბრძოლას სათავეში და ჩვენვე შევადგენდით „მებრძოლთა“ ძირითად მასას. შედეგად? არაფერი გარდა იმისა, რომ უტიფრად მოგვახალეს – გაიწიეთ, გზა ახალგაზრდობას მიეცით, რადგან თქვენ ხართ კრიმინალური წარსულის მქონე ყოფილი ნარკომანები, არ ფლობთ ენებს და ეგ თქვენი პატრიოტული სულისკვეთებაც სრულიად ზედმეტია, რადგან ახლა ახალი ტიპის ქართველის დრო დგება. გამოგვყარეს სამსახურებიდან, გაგვრიყეს საზოგადოებიდან... შევიყუჟეთ სახლებში, გავმაგრდით ეზოებში და თუ უმუშევარი, დუხჭირი ცხოვრებით ყველა ჯერ არ გავლოთებულვართ, ყოფილი ნარკომანებისათვის განკუთვნილ ე. წ. მეტადონის პროგრამაში ვიკლავთ თავს. სწორედ ასე მყოფთ შემოგვესწრო მორიგი ძვრა, ცვლილება. არც მას ჩაუვლია უჩვენოდ და ისიც დიდ იმედებს გვისახავს, მაგრამ ეს ის იმედი აღარაა – მაცოცხლებელი ძალისა და აღმაფრენის მატარებელი. ეს უფრო ხავსია, რომელსაც ვეჭიდებით. 20–25 წელი – ეს დრო დაჭირდება იმ საქართველოს აშენებას, 20–25 წლის წინ რომ ოცნებობდითო – ასე თქვეს ახალმა ლიდერებმა. აშენდებოდეს და ყაბულს ვართ, მაგრამ ჩვენ? ნუ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კიდევ? საშუალოდ , სწორედ აღნიშნულ დროს... და ვიქნებით აშენებული საქართველოს პენსიონერები. ალბათ დაფასებულები, უზრუნველყოფილები, მაგრამ განა ამაზე ვოცნებობდით?
Comentarios