

ბატონო თავჯდომარევ!
16.07.2015
სრულიად შემთხვევით, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ერთ ძველ ინტერვიუს გადავაწყდი (წყარო). იგი აზრს საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს საკითხის ინერტულ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით აფიქსირებს.
კერძოდ, ის აცხადებს:
„ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, ადამიანური და პოლიტიკური უზნეობა, რომ ჩვენ, ქართველებს, გვეთქვა ამერიკელებისთვის, რომ დღეს ჯერ საქართველოს პრობლემები განიხილეთ და მერე უკრაინის.. და თუ ვინმე ამას ელის, მე ამის გამკეთებელი არ ვარ. იმიტომ, რომ დიახ, დღეს უკრაინაში იხოცება ხალხი. დღეს უკრაინაშია ომი. დღეს საქართველო ეხმარება უკრაინას და ჩვენ ვინმეს ვთხოვოთ, რომ უკრაინა გვერდზე გაწიეთ და საქართველოზე ილაპარაკეთო? ამას არ გავაკეთებ, ვისაც უნდა, გააკეთოს.“
აღნიშნული ინტერვიუ 3 მარტითაა დათარიღებული, თუმცა მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა - ყოველ შემთვევაში, უკეთესობისკენ..
ჰოდა, თავს მცირე რეპლიკის უფლებას მივცემ.
ჯერ ვიკითხავ: და ვინ ითხოვს, რომ ეგ მოითხოვოთ, ბატონო თავჯდომარევ?
თავს ისულელებთ? და რა მიზნით - სხვისი გასულელება გსურთ ამით?
მაგას ვინღა ჭამს?
პირადად მე მაგ „კერძის“ მოყვარული ერთი ვიცი მხოლოდ და თუ ეს მისთვის განკუთვნილი ულუფაა, კიდევ გაგიგებთ კაცი - მოგირგეს და თქვენც, ერგებით.
იმასაც შეერგება ალბათ.
ან იქნებაა და საკითხის არსი არ გესმით?
რაღა დაგიმალოთ და, თქვენი გამოცდილების პოლიტიკოსის მხრიდან, ფრიად საეჭვოა, რომ ასე იყოს.
ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინის პრობლემატიკა იდენტურია და კომპლექსში უნდა იხილებოდეს - ყოველგვარი ჩაიწიე-გამტარეს გარეშე: ერთ პაკეტად, ერთ თემად, ერთ ტენდენციად და ა.შ.
თქვენმა ხელისუფლებამ კი, რაღაც გაურკვეველი ფორმატების ამოქმედებით, რაღაც ფსევდოკონსტრუქციული პოლიტიკის ილუზორული წარმოებით, რუსეთთან ურთიერთობაში სავსებით გამორიცხული გარღვევის პერმანენტული დაანონსებითა და ვინ მოთვლის, კიდევ რით, საქართველოს საკითხი არა თუ უკრაინის საკითხის გვერდით ან შემდგომ თემად აქციეთ, არამედ ლამის საერთოდ გააქრეთ საერთაშორისო დისკუსიებიდან. და ძალიან გულუბრყვილოა ის, ვინც ამას თქვენს უნიათობას აბრალებს, რადგან ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს კონკრეტული გეგმის ხორცშესხმააა და სხვა არაფერი.
ხოლო თუ ვინ არის ასეთი გეგმის სისრულეში მოყვანის მსურველი, ყველას კარგად მოეხსენება.
ასე რომ, ზნეობრიობაზე ამ გრძელ-გრძელი „რეჩების“ უცოდველი ბატკნის სახით ჩარაკრაკებებს, გაეშვით.
გიჯობთ, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, ქვეყნის სამსახურში ჩადგეთ. თორემ, ხომ იცით - მტრის ინტერესების სადარაჯოზე დგომას, მწვავე უკუჩვენებები აქვს.