

კაი საქმე
29.07.2015
შესანიშნავი წამოწყებაა.
ტრადიის დაცვა მისი შენარჩუნებით ხდება.
შენარჩუნება კი გაგრძელებით.
გაგრძელებას, ცოდნა უნდა.
ცოდნას - სწავლა.
სწავლას - სურვილი.
სურვილს - ასპარეზი.
„საწრთვნელი „ბაზა“ ქე შენდება აგერ.
ეს ქართულ კერამიკის მრავალათასწლოვანი სკოლის ტრადიციათა გადარჩენის გზაცაა, რადგან ხომ თავისთავად ცხადია - იქ მხოლოდ ქვევრი არ დამზადდება - სხვასაც ისწავლიან.
პირადად მე, ორი-სამი კინკილა კაცი ვიცი, ვინც დღეს ქართული კერამიკის შესანარჩუნებლად იღწვის. კიდევ იქნება - უფრო ქართულ სოფელში. არადა, სოფელ-სოფელ მოსიარულე და შემგროვებელი კაცი, რაღაც არ ჩანს - გულანთებული ენთუზიასტების მწვავე დეფიციტია.
სახსარიც არ არის.
ისე კი, ის ჩვენი გლეხკაცი, მამა-პაპათაგან ნასწავლს იმეორებს და ამით, ფესვადვე რჩება - ყლორტს არ იბავს.
ეს ჩემი ნაცნობები კი, ტარდიციას მეცნიერული კუთხით მიუდგნენ და შემატეს კიდეც ამით - ნამდვილი პროფესორები არიან - იციან ყველაფერი: სად და რა კუთხის რომელი ადგილის ნიადგაში, რა თიხა მოიპოვება.
აქეთ ლამიო, იქით კიდევ მენდელეევის ტაბულა - ოღონდ ხალხური, ნატურით.
მათ იციან ამ ჩვენს დალოცვლი საქართველოში, რას როგორი ამუშავებდნენ და წვა რას როგორი უნდა უნდა..რა ნივთიერება დაუმატო, ფერი როგორ ცვალო, რა ხერხით მოჭიქო, გამურო და რა ვიცი - რა აღარ ინახება მათი ცოდნის ზარდახშაში. თიხას ისე „შეგიკმაზავენ“, მღერისო, რომ ამბობდნენ ძველად.
მაგრამ თუ ვინმეს არ გადაეცი, რაში ივარგებს? სკოლა იმუშავებს და ქვევრის ფორმის თიხის ნაკეთობების მწარმოებელიც ბევრი გაიზრდება, მაგრამ ქართული ქვევრი, ისევე როგორც ქართული ქვევრის ღვინო, ჩვენი კი არა, მთელი კაცობრიობის მონაპოვარია და კონვეირის „ლუკმად“ არ უნდა აქციო.
ერთი სიტყვით, ამ სკოლაში პედაგოგების შერჩევას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს. როგორც ჩანს, ასეც აპირებენ და ეს უდავოდ კაი საქმეა.