top of page

გავარდიკონადიბაიძება
28.07.2015

 

როგორც გუშინ თინა ხიდაშელმა „მოამბეში“ ბრძანა, მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რეალური მტრის, ანუ რუსეთის, (რომელსაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს) სამხედრო-საზღვაო დოქტრინაში შესული ცვლილებები, უფრო ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტზე მისაღები გადაწყვეტილებები, თუ ამ გადაწყვეტილებათა მიღების რაღაც ეფემერული პერსპექტივა.

არვინ დავობს - NATO-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც უნდა იყოს ის, დიდი ინტერესის საგანია, მაგრამ მისი იმ რეალობასთან დაპირისპირება, რომელიც დგას..ანუ ხვალინდელის, პრინციპში უცნობის, დღევანდელობის საპირწონედ ქცევა?

თან დააკვირდით, რა სვლაა: NATO - მაგიური აბრევიატურა; მისი სამიტი - ქურუმთა თავყრილობა, მისი გადაწყვეტილება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც კი განხილულა, უკვე საზეიმოა.

ვინ უნდა მოედავოს?

ვინ შეჰბედავს?

ვინაა ის, ვინც რაღაც რუსული „ბუმაჟკის“ საფრთხობელით ჩვენს დასავლურ მარშს აყენებს ჩრდილს?

მარტივი გათვლაა, თეთრი ძაფით ნაკერი..

ეს, მინიმუმ, დემაგოგიაა.

ეს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მიჩქმალვაა.

ეს სტრატეგიული ხედვის სრული არარსებობაა.

ეს გეოგრაფიის უგულველყოფაა.

ეს გატლეკილობის ინსტრუმენტად გამოყენების უნიჭო მცდელობაა.

ეს სამსახურობანას თამაშია.

ანუ, სრული პასუხისმგებლობითა და საზეიმოდ შეგვიძლია განვაცხადოთ: საქართველოს თავდაცვის მინისტრის გავარდიკონადიბაიძების პროცესი დასრულდა.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page